სერგეი ლავროვი: პუტინმა განაცხადა, რომ ზელენსკის თუ შეხვედრა სურს, ჩამოვიდეს მოსკოვში, ჩვენ უზრუნველვყოფთ მის უსაფრთხოებას, რისი გარანტიაც, როგორც მესმის, კიევში ვერ იქნება უზრუნველყოფილი
ატლანტაში მიმდინარე „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზადაა, თუმცა ამისთვის ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვში უნდა ჩავიდეს.
„პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ თქვა, რომ ზელენსკის ხელისუფლებაში მოსვლიდან ბოლო ექვსი წლის მთელი ისტორიის მიუხედავად, ის კვლავ მზადაა მასთან შესახვედრად. მან ეს მას შემდეგ თქვა, რაც ზელენსკიმ პირდაპირი შეხვედრისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა პუტინმა კი უპასუხა: თუ მას შეხვედრა სურს, ჩამოვიდეს მოსკოვში, ჩვენ უზრუნველვყოფთ მის უსაფრთხოებას, რისი გარანტიაც, როგორც მესმის, კიევში ვერ იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ლავროვმა.
ლავროვმა პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა.
როგორც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, მხარეებს შორის კონსტრუქციული საუბარი შედგა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისა და აშშ-ის ეროვნული ინტერესები უმეტეს შემთხვევაში ერთმანეთს არ ემთხვევა, იმ სფეროებში, სადაც თანხვედრა არსებობს, ორმხრივი და ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელება აუცილებელია.