Loading data...
სენატორი ჩაკ შუმერი ტრამპზე: არცერთ პრეზიდენტს არ უნდა შეეძლოს ქვეყნის ჩათრევა ისეთ სერიოზულ სიტუაციაში, როგორიცაა ომი

აშშ-ის სენატის დემოკრატი ლიდერი ჩაკ შუმერი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების ბრძანება გასცა. მის განცხადებას CNN-ი ციტირებს.

შუმერის განცხადებით, ტრამპმა ნათლად უნდა აუხსნას ამერიკელ ხალხს და კონგრესს, თუ „რა ქმედებები იქნა მიღებული გასულ ღამით და რა შედეგები მოჰყვება ამერიკელების უსაფრთხოებას. 

„არცერთ პრეზიდენტს არ უნდა შეეძლოს ქვეყნის მარტო ჩათრევა ისეთ სერიოზულ სიტუაციაში, როგორიცაა ომი“, - განაცხადა ჩაკ შუმერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ირანის „ტერორის, ბირთვული ამბიციებისა და რეგიონული აგრესიის სასტიკი კამპანიის“ წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა ძალა, მონდომება და მკაფიო სტრატეგია.

„უფრო ფართო, უფრო ხანგრძლივი და უფრო დამანგრეველი ომის საფრთხე ახლა მნიშვნელოვნად გაიზარდა“, - დასძინა შუმერმა.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იერიში მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაანში.

დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.