Loading data...
სენატორ გრეჰემის თქმით, თუ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, ის იმედოვნებს, რომ ტრამპი რუსული ნავთობის გადამზიდავ გემებს დააკავებს და კიევს „ტომაჰავკებს“ გადასცეს

რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსული ნავთობის გადამზიდავი გემები უნდა დააკავოს. ის ასევე მხარს უჭერს „ტომაჰავკის“ რაკეტების უკრაინისთვის გადაცემას. ამის შესახებ მან NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

გრეჰემმა აღნიშნა, რომ აშშ უკვე რამდენიმე დღეა, ვენესუელის ნავთობის გადამზიდავ სანქცირებულ გემებს აკავებს. ამიტომ, მისი აზრით, იგივე უნდა გაკეთდეს რუსული ნავთობის გადამზიდავი გემების შემთხვევაშიც.

სენატორმა ასევე განაცხადა, რომ ელოდება, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელი მხარს დაუჭერს კანონპროექტს რუსული ნავთობის შესყიდვაზე ტარიფების შემოღების და უკრაინელი ბავშვების გატაცების გამო რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადების შესახებ.

„თუ ის [პუტინი] ამჯერად „არას“ იტყვის, იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი ამას გააკეთებს: ხელს მოაწერს ჩემს კანონპროექტს, რომელსაც 85 თანაავტორი ჰყავს და ტარიფებს დააწესებს ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობენ, მაგალითად, როგორიც ჩინეთია. 

ის რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადებს 20 000 უკრაინელი ბავშვის გატაცების გამო. და, რაც მთავარია, ის დააკავებს სანქცირებული რუსული ნავთობის გადამზიდ გემებს, ისევე, როგორც ეს ხდება ვენესუელაში“, - თქვა გრეჰემმა.

ამასთან, ამერიკელი პოლიტიკოსი მხარს უჭერს, რომ შეერთებულ შტატებმა უკრაინას გადასცეს „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტები, რათა უკრაინამ მათი გამოყენებით შეძლოს რუსეთში რაკეტებისა და დრონების მწარმოებელ სამხედრო ქარხნებზე დარტყმები.