საუდის არაბეთში საცხოვრებელ ობიექტს ჭურვი დაეცა - დაიღუპა 2 ადამიანი, 12 კი დაშავდა
საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვის ცნობით, ორი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა მას შემდეგ, რაც ალ-ხარჯში, ერ-რიადიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 107 კილომეტრში სამხედრო ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ეს ინციდენტი ირანთან ომის დაწყების შემდეგ ქვეყანაში სიკვდილის პირველი შემთხვევაა.
დაღუპულები ინდოეთის და ბანგლადეშის მოქალაქეები იყვნენ, ხოლო 12 დაშავებული ბანგლადეშის მოქალაქეა.
საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვამ განაცხადა, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა რეაგირება მოახდინეს მას შემდეგ, რაც ჭურვი საცხოვრებელ ობიექტს მოხვდა, რომელსაც სარემონტო და დასუფთავების კომპანია იყენებდა.
განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ ვინ გაუშვა ჭურვი.
ირანის სახელმწიფო მაუწყებლის IRIB-ის ცნობით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ მათ რამდენიმე ადგილას, მათ შორის ალ-ხარჯში, რადარის სისტემები დაბომბეს.
ალ-ხარჯი პრინც სულთანის საჰაერო ბაზის მახლობლად მდებარეობს, რომელიც ერ-რიადის სამხრეთ-აღმოსავლეთით საუდის არაბეთის საჰაერო ძალების მნიშვნელოვან ბაზას წარმოადგენს და ბოლო დღეების განმავლობაში ირანის სამიზნე არაერთხელ გახდა.