Loading data...
საფრანგეთში ზედიზედ მეექვსე შაბათს საპროტესტო აქციები გაიმართა

საფრანგეთის მრავალ ქალაქში პროფკავშირებისა და მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ მოწოდებით 21 ნოემბერს საპროტესტო აქციები კვლავ გაიმართა, თუმცა დემონსტრაციებში მონაწილეთა რაოდენობა წინა კვირებთან შედარებით ნაკლები იყო.

საპროტესტო აქციები, რომლებსაც მონაწილეებმა „მეექვსე აქტი“ უწოდეს, კვლავ ცხოვრების ხარჯების ზრდის წინააღმდეგ იყო მიმართული.

პარიზში მომიტინგეების 40-წუთიანი მსვლელობა „ნასიონის მოედანზე“ დასრულდა. წინა შაბათებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი აქტივობის მიუხედავად, მომიტინგეების დიდი რაოდენობა მოედანზე დარჩა, სადაც სასულე ორკესტრები უკრავდნენ.

სამართალდამცველებმა ტერიტორია გადაკეტეს და მოედნისკენ მიმავალ ყველა გზას აკონტროლებდნენ. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის სერიოზული შეტაკებები, ან დაპირისპირებები არ დაფიქსირებულა.

მარსელში რამდენიმე ინციდენტი მოხდა. კერძოდ, დემონსტრანტებმა ზოგიერთ გაჩერებაზე მინები ჩაამსხვრიეს. პოლიციის პრეფექტურის ცნობით, იქ გამართული დემონსტრაცია მასშტაბური იყო და მასში 4 600 მომიტინგე მონაწილეობდა.

ლიონში კი საპროტესტო აქციები საერთოდ არ გამართულა, ქუჩაში მხოლოდ რამდენიმე დემონსტრანტი გამოვიდა.

ცნობისთვის, 17 ოქტომბრის საპროტესტო აქციების დროს ქვეყნის მასშტაბით ძალადობისა და ძარცვის მრავალი შემთხვევა დაფიქსირდა. მასშტაბური პროტესტის შედეგად ქვეყანაში დაკავებულთა რაოდენობამ 2 000 ადამიანს გადააჭარბა. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე „საყოველთაო მობილიზაცია“ გამოცხადდა, მაგრამ გამოსვლები უფრო მცირე მასშტაბის იყო.

ცოტა ხნის წინ საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ცხოვრების ხარჯების ზრდით გამოწვეული კრიზისის შესამსუბუქებლად მინიმალური ხელფასის დაგეგმილი ზრდა იანვრიდან დეკემბერში გადმოიტანეს.