საფრანგეთში კაბელის დაზიანებამ სარკინიგზო მიმოსვლის შეფერხება გამოიწვია
საფრანგეთის ქალაქ ვალანსთან დენის კაბელის დაწვის გამო დაახლოებით 100 მატარებლის მოძრაობა იყო შეფერხებული. საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრის, ფილიპ ტაბაროს თქმით, საუბარია „განზრახ ქმედებებზე“. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ინციდენტის შედეგად საფრანგეთის ყველაზე დატვირთულ ხაზზე, რომელიც პარიზსა და მარსელს ერთმანეთთან აკავშირებს, სარკინიგზო მოძრობა შეფერხდა.
ახლა 25 მეტრის მონაკვეთზე 16 კაბელის გამოცვლაა აუცილებელი. რეგულარული სარკინიგზო მოძრაობა ამ ხაზზე 28 ოქტომბრის დილამდე ვერ აღდგება.
ინციდენტის გამო 70 000 მგზავრი დაზარალდა. ამ დროისთვის უცნობია, თუ ვინ არის კაბელების დაწვაში ეჭვმიტანილი.
საფრანგეთში მატარებლების მოძრაობაში შეფერხება ბოლო თვეებში უკვე რამდენჯერმე მოხდა. ივნისში კაბელების ქურდობის გამო პარიზსა და ლონდონს შორის ჩქაროსნული მატარებელი, Eurostar რამდენიმე დღე არ მოძრაობდა.