საფრანგეთში ალკოჰოლის მოხმარებაზე შეზღუდვა დაწესდა - მიზეზი მაღალი ტემპერატურაა
საფრანგეთში ტემპერატურამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და წითელ დონეს გადასცდა, რის გამოც, ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალებზე ალკოჰოლის მოხმარება აიკრძალა. ამის შესახებ „ფრანს 24“ იუწყება.
ქვეყანაში კვირის დასაწყისიდან დაწყებული ძლიერის სიცხის გამო შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლა, სკოლებში კი სასწავლო პროცესი შეჩერდა.
საფრანგეთის მეტეოროლოგიურ სამსახურში განაცხადეს, რომ უკიდურესად მაღალი ტემპერატურა, ქვეყნის მასშტაბით, დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება.
პროგნოზების მიხედვით, 22 ივნისიდან საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურამ შესაძლოა 41°C-ს მიაღწიოს.
წითელი საფრთხის ზონაში მოხვდა პარიზიც, ასევე, დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ტერიტორიები.
პარიზელებისა და ტურისტების დასიცხვისგან დასაცავად ქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პარკები და ბაღები ღამის განმავლობაში ღია დატოვოს.