Loading data...
საფრანგეთმა სისხლის სამართლის კოდექსში სქესობრივ აქტზე თანხმობის პრინციპი ჩაწერა

საფრანგეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით დაამტკიცა კანონი, რომელიც სექსუალური ძალადობის ცნებას ცვლის და მას უწოდებს „სქესობრივი აქტი თანხმობის გარეშე“. ცვლილებას საფრანგეთის სენატმა დაუჭირა მხარი, მანამდე კი მას პარლამენტის ქვედა პალატამ - ნაციონალურმა კრებამ მისცა ხმა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ახალი კანონის მიხედვით, სექსუალურ აქტზე თანხმობა უნდა იყოს თავისუფალი, შეგნებული, კონკრეტული და წინასწარ გააზრებული. მხოლოდ სიჩუმე და რეაქციის არარსებობა თანხმობას არ ნიშნავს.

აქამდე საფრანგეთის კანონმდებლობა სექსუალურ ძალადობას, მათ შორის გაუპატიურებას უწოდებდა ქმედებას, რომელიც ჩადენილია „ძალადობის, იძულების, მუქარის გზით ან მოულოდნელად“.

თანხმობის პრინციპი საფრანგეთის კანონმდებლობაში მას შემდეგ ჩაიწერა, რაც საფრანგეთში ჟიზელ პელიკოს რეზონანსულ სასამართლო პროცესს ჰქონდა ადგილი, რომელსაც მაშინდელი ქმარი რეგულარულად აუპატიურებდა.

პრინციპი „მხოლოდ „კი ნიშნავს კი-ს“ ასევე დანიაში, საბერძნეთში შვედეთში და ესპანეთში მოქმედებს. გერმანიაში 2016 წლიდან მოქმედებს ნაკლებად მკაცრი პრინციპი - „არა ნიშნავს არას“.