საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: დაახლოებით 1000 ადამიანი დააკავეს, თუმცა მსვლელობები, ძირითადად, მშვიდობიანი იყო
„დაახლოებით 1000 ადამიანი დააკავეს, თუმცა მსვლელობები, ძირითადად, მშვიდობიანი იყო“, - აცხადებს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ლორან ნუნიესის თქმით, გასულ კვირას გამართული საპროტესტო აქციების დროს 385 პირი დააკავეს.
„პარიზში გაიმართა მასშტაბური დემონსტრაცია, რომელიც, ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო მსვლელობების უმეტესობა, მშვიდობიანად წარიმართა. თუმცა, როგორც ველოდით, ჩამოყალიბდა რამდენიმე მაღალი რისკის ჯგუფი, რომლებიც შენიღბული, ძირითადად შავებში ჩაცმული რადიკალური მემარცხენე და ულტრამემარცხენე აქტივისტებისგან შედგებოდა.
მათ ხელი შეეშალათ არასანქცირებული მსვლელობების მოწყობასა და ქალაქის ცენტრისკენ გადაადგილებაში. ცალკეულ ქალაქებში იყო ობიექტების დაზიანების ან ძარცვის მცირე შემთხვევები, თუმცა ბევრად ნაკლები, ვიდრე ერთი კვირის წინ“, - განაცხადა ნუნიესმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, გასული შაბათისგან განსხვავებით, სახელმწიფო დაწესებულებებზე, მათ შორის მერიებსა და პოლიციის განყოფილებებზე, თავდასხმები არ მომხდარა.
„მიუხედავად ამისა, სამართალდამცველებს უკიდურესად მაღალი დონის ძალადობასთან მოუწიათ შეჯახება, მათ მიმართულებით უწყვეტად ისროდნენ სხვადასხვა საგნებსა და პიროტექნიკას. პარიზში 500-მდე მოძალადე იყო, რომლებიც აბსოლუტურად მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველებზე თავდასხმისა და ძარცვისთვის“, - აღნიშნა ლორან ნუნიესმა.
შს მინისტრმა ასევე დასძინა, რომ უსაფრთხოების ძალები ადგილზე გვიან ღამემდე დარჩებიან, რათა ძარცვის ფაქტები აღკვეთონ.