Loading data...
საფრანგეთის სენატმა უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ კანონპროექტი მიიღო

„საფრანგეთის სენატმა ხმათა უმრავლესობით დემოკრატიულ ცხოვრებაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო“, - ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანო ავრცელებს.

კანონპროექტს მხარი 340-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ახალი ინიციატივა ონლაინ სივრცეში განზრახ და მასობრივად გავრცელებული ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წინააღმდეგ სასამართლოს ჩარევის შესაძლებლობას ითვალისწინებს. დოკუმენტი ასევე მოიცავს საარჩევნო პერიოდში დეზინფორმაციის გავრცელების შეზღუდვის მექანიზმებს და საარჩევნო პროცესზე ზემოქმედებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დანაშაულისთვის სასჯელის გამკაცრებას.

კანონპროექტი საფრანგეთის სენატში 2026 წლის 22 ივლისს შევიდა. დოკუმენტის თანახმად, სასამართლოს შეეძლება შესაბამისი ზომების მიღება იმ შემთხვევებში, როდესაც ინტერნეტით განზრახ, მასობრივად და ხელოვნური ან ავტომატიზებული მეთოდებით გავრცელებული აშკარად მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ცნობები საფრანგეთის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებას, თავდაცვისა და დიპლომატიის შესაძლებლობებს ან სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალურ ფუნქციონირებას სერიოზულ და უშუალო საფრთხეს უქმნის.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ცვლილებას საარჩევნო კოდექსის იმ მუხლში, რომელიც ამომრჩეველთა შეცდომაში შეყვანასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას ეხება. კერძოდ, შესაბამისი დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის ერთი წლიდან სამ წლამდე, ხოლო ჯარიმის ოდენობის 15 000 ევროდან 45 000 ევრომდე გაზრდაა გათვალისწინებული.