საფრანგეთის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერები კიევში ჩავიდნენ

10 მაისის დილას კიევში საფრანგეთის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერები ჩავიდნენ.
როგორც უკრაინული მედია იტყობინება, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს რკინიგზის სადგურზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი დახვდნენ.
ტუსკის შემდეგ დედაქალაქში მატარებლით გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩავიდნენ.
რკინიგზის სადგურზე უსაფრთხოების ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრებულია.
კიევში ვიზიტამდე გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დეკლარაცია შეიმუშავეს. მისი თქმით, დეკლარაცია „ბევრი თვალსაზრისით 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადების იდენტურია“, რადგან ევროპელები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ამ ინიციატივას მხარს უჭერენ.