Loading data...
საფრანგეთის არმიის მეთაური: აშშ-ის არაპროგნოზირებადობა ჩვენს ინტერესებზე გავლენას ახდენს

საფრანგეთის არმიის მეთაურმა ფაბიენ მანდონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არაპროგნოზირებადი მოკავშირე გახდა, რაც გავლენას ახდენს საფრანგეთის ინტერესებსა და უსაფრთხოებაზე.

„ჩვენ გაკვირვებულები ვართ ამერიკელი მოკავშირით, რომელიც მოკავშირედ რჩება, მაგრამ სულ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება და არც კი იწუხებს თავს, გვაცნობოს, როდესაც გადაწყვეტს სამხედრო ოპერაციების დაწყებას“, - განაცხადა ფაბიენ მანდონმა პარიზში გამართულ უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორუმზე.

„ეს გავლენას ახდენს ჩვენს უსაფრთხოებაზე და გავლენას ახდენს ჩვენს ინტერესებზე“, - დასძინა მან.

საფრანგეთი და შეერთებული შტატები ნატოს წევრი ახლო მოკავშირეები არიან, თუმცა პარიზში მზარდი იმედგაცრუება შეინიშნება ვაშინგტონის გადაწყვეტილების გამო, ირანის წინააღმდეგ ომი დაეწყო. ტრამპმა გააკრიტიკა თავისი მოკავშირეები, რომ მათ არ სურთ, აქტიურად ჩაერთონ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების ოპერაციებში, სტრატეგიული გამტარი პუნქტის, რომელიც გლობალური ნავთობმომარაგების დაახლოებით მეხუთედს უზრუნველყოფს და სპარსეთის ყურის ქვეყნების ეკონომიკას განსაზღვრავს. 

„ჩვენ ავღანეთში ამერიკელების თხოვნით ჩავერიეთ, რომლებმაც ნატოს მე-5 მუხლი გამოიყენეს და მათ [ავღანეთიდან] გასვლა ჩვენი ინფორმირების გარეშე გადაწყვიტეს“, - აღნიშნა მანდონმა.

„მათ ახლა გადაწყვიტეს ახლო აღმოსავლეთში ჩარევა ჩვენი ინფორმირების გარეშე. თუმცა საფრანგეთის შეიარაღებული ძალების უშუალო საზრუნავი იყო გადაწყვეტილებების მოძიება საფრანგეთისთვის, რათა დაეცვა რეგიონში მყოფი მოქალაქეები“, - დასძინა საფრანგეთის არმიის მეთაურმა.