საფრანგეთი უკრაინაში დრონებს გამოუშვებს

ფრანგული საწარმოები უკრაინის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენ აპარატებს გამოუშვებენ. ამის შესახებ გამოცემა Le Monde-ს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ განუცხადა.
მინისტრის თქმით, დრონებს ერთ-ერთი ფრანგული ავტომწარმოებელი და უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმო ერთობლივად გამოუშვებენ.
დრონების ტიპი და ფრანგული კომპანიის სახელი მინისტრმა არ დააკონკრეტა. მან დააზუსტა, რომ დრონების ნაწილს უკრაინელი სამხედროები გამოიყენებენ, ხოლო მეორე ნაწილი თავად საფრანგეთში იქნება გამოყენებული. ასევე დრონებით ერთობლივი წვრთნებიც გაიმართება.
სებასტიან ლეკორნიუმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინულ საწარმოებში უკრაინელი სპეციალისტები იმუშავებენ. მინისტრის თქმით, უკრაინამ დრონების წარმოებისას მაღალი კომპეტენცია აჩვენა, ასევე მან დრონების გამოყენებით თანამედროვე სამხედრო დოქტრინა შეიმუშავა.