Loading data...
საფრანგეთი მცირე ზომის ნავების ლა-მანშის სრუტეში გადაადგილების შეჩერებას ითხოვს, რაც სიკვდილიანობის ზრდას გამოიწვევს - The Guardian

საფრანგეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია აპროტესტებს სახელმწიფოს გეგმას, რომლის მიხედვითაც მცირე ზომის ნავების ლა-მანშის სრუტეში გადაადგილება აიკრძალება. ორგანიზაციის განცხადებით, ფაქტი სიკვდილიანობის მატებას გამოიწვევს. ინფორმაციაზე The Guardian წერს. 

როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრები ამბობენ, ლა-მანშის სრუტეს გადასაადგილებლად, ძირითადად, დიდი ბრიტანეთისკენ მიმავალი თავშესაფრის მაძიებლები იყენებენ. „საფრანგეთის გეგმის ამოქმედებით მათი სიკვდილიანობა გაიზრდება, რაც აუცილებლად გასაჩივრდება ევროპულ სასამართლოებში“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლტოლვილთა საქველმოქმედო ორგანიზაციის Utopia 56-ის კოორდინატორი არტურ დოს სანტოსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად მოიმატებს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც „სასოწარკვეთილი ზომების მიღება“ მოუწევთ, დიდ ბრიტანეთში გადასასვლელად.

როგორც სამთავრობო პირები The Guardian-თან აცხადებენ, საფრანგეთის პოლიციას უფლება ექნება, ნაპირიდან 300 მეტრის რადიუსში და ახლომდებარე წყალსატევებში მყოფი ნავები შეაჩეროს.

სტრატეგიის მიზანია, 8 ივლისს დაგეგმილი ფრანგულ-ბრიტანული სამიტისთვის მზადყოფნა. თარიღი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ლონდონში სახელმწიფო ვიზიტს ემთხვევა. 

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საფრანგეთის პოლიციამ, უკვე, დაიწყო პატრულირება ლა-მანშის სრუტეში, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ სახელმწიფომ გეგმა აამოქმედა“, - წერს მედია საშუალება. 

დოს სანტოსის თქმით, სწორედ ეს ტაქტიკა გამოიწვევს მეტ სიკვდილიანობას, რადგან „უამრავი ადამიანი დაიხრჩობა, გაქცევის მცდელობის დროს“. 

„გაიზრდება ძალადობის ფაქტების მაჩვენებლებიც, რადგან საფრანგეთის სტრატეგია ვერ შეაჩერებს ინგლისში ჩასვლის მსურველებს და ისინი სხვა გზების ძიებას ეცდებიან“, - ამბობს დოს სანტოსი. 

დაგეგმილი სქემის მიზანია, საფრანგეთის ხელისუფლებას მიეცეს უფლებამოსილება შეაჩერონ ნავები, რომლებიც ლა-მანშის სრუტეში ახლომდებარე სანაპიროებიდან გადაადგილდებიან. ამ დრომდე, საფრანგეთის პოლიციას სამართლებრივად ეკრძალებოდა ჩარევა, თუ საქმე გასაჭირში მყოფი მგზავრების გადარჩენას არ ეხებოდა. 

დოს სანტოსის მტკიცებით, ტაქტიკა ევროპულ სასამართლოებში სამართლებრივი დავების წინაშე აღმოჩნდება და იურისტებს გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის შესწავლა მოუწევთ, ადამიანების უფლებების დასაცავად.