„სანქციების დაწესების შემთხვევაში პასუხს გავცემთ“ - ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიტანეთს აფრთხილებს
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი აფრთხილებს ბრიტანეთს, რომ თუ ლონდონი E1-ის დასახლების პროექტის გამო ისრაელის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, ისრაელს აქვს „ინსტრუმენტები“, რომლითაც „ბრიტანეთის წინააღმდეგ იმოქმედებს“.
„თუ ბრიტანეთი ისრაელის წინააღმდეგ იმოქმედებს, ისრაელიც იმოქმედებს ბრიტანეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა საარმა Ynet-ის ებრაულენოვან პოდკასტში, რომლის ინტერვიუც ეთერში გავიდა მალევე მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ლონდონი უახლოეს კვირებში დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებების წინააღმდეგ „ყოვლისმომცველი“ ზომების პაკეტის წარდგენას გეგმავს.
კითხვაზე, რამდენად შეშფოთებულია ისრაელი შესაძლო სანქციების გამო, საარმა აღნიშნა, რომ ისრაელი აუცილებლად უპასუხებს და ბრიტანეთის შესაძლო ნაბიჯებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
„იქ არის მთავრობა, რომელიც სისტემატურად მოქმედებს ისრაელის წინააღმდეგ. მან უკვე დააზიანა ჩვენთვის თავდაცვითი პროდუქციის ექსპორტი და მინისტრებს სანქციები დაუწესა. მათ მოქმედებებს საკუთარი შიდა პოლიტიკა განსაზღვრავს და თვის ბოლოს ლეიბორისტული პარტიის კონფერენცია იმართება“, - აცხადებს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი.
კითხვაზე, კონკრეტულად როგორ უპასუხებს ისრაელი, საარმა დეტალებზე საუბარი არ ისურვა და განაცხადა: „არსებობს ინსტრუმენტები… ამას მკაფიოდ და ცალსახად ვამბობ. თუ ისინი იმოქმედებენ, ვფიქრობ, დიდ შეცდომას დაუშვებენ. ეს საპირისპირო შედეგს გამოიწვევს იმისგან, რასაც შესაძლოა ისინი ელიან“.
დამატებით კითხვაზე მან აღნიშნა: „რატომ უნდა მივანიშნო? რაც ვთქვი, საკმარისია. ჩვენ ვემზადებით. თუ ისინი შეცდომას დაუშვებენ, პასუხი იქნება“.
საკითხთან დაკავშირებულმა წყარომ გასულ კვირას გამოცემა „Times of Israel“-ს განუცხადა, რომ საარმა მილიბენდი გააფრთხილა, რომ ბრიტანეთის სანქციებს ისრაელი საკუთარი საპასუხო სანქციებითა და ზომებით უპასუხებს.
წყაროს ცნობით, შესაძლო ნაბიჯებს შორის შეიძლება იყოს ბრიტანელი ოფიციალური პირების გაძევება ღაზის საერთაშორისო მხარდაჭერის ცენტრიდან, ასევე, უფრო მკაცრი ზომების მიღებაც.