Loading data...
„სამშვიდობო პირობები, რომლებიც მხოლოდ რუსეთის შეშფოთებას ითვალისწინებს, უსამართლოა და ვერ იქნება მდგრადი მშვიდობის საფუძველი“ - ელინა ვალტონენმა ევროპელ ლიდერებთან აშშ-ის „სამშვიდობო გეგმაზე“ ისაუბრა

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ ელინა ვალტონენმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ახალი „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ ევროპის რამდენიმე ძირითადი ქვეყნის კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა.

როგორც ვალტონენმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, 21 ნოემბრის საღამოს სატელეფონო საუბარი შედგა ევროკავშირის უმაღლეს დიპლომატ კაია კალასს, საფრანგეთის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, ასევე გერმანიის, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას შორის.

„ჩვენ მივესალმებით ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რუსეთის აგრესიული ომის დასრულებისა და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისკენ.

საბოლოო ჯამში, მხოლოდ უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ, [სამშვიდობო შეთანხმების] რომელ პირობებს მიიჩნევენ სამართლიანად. სამშვიდობო პირობები, რომლებიც მხოლოდ რუსეთის, უკანონო აგრესიული ომის ინიციატორის, შეშფოთებას ითვალისწინებს, უსამართლოა და ვერ იქნება მდგრადი მშვიდობის საფუძველი“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

„ევროპული ქვეყნები დამოუკიდებლად, ან კოლექტიურად იღებენ გადაწყვეტილებებს ევროპის ქვეყნებთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე“, - ხაზგასმით აღნიშნა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რითაც, სავარაუდოდ, გამოეხმაურა გარკვეული ევროპული ქვეყნების ხსენებას აშშ-ის 28-პუნქტიან გეგმასა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დამატებით პროექტში.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთზე ზეწოლას, რათა მან ომი დაასრულოს, ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის მოლაპარაკებები დაიწყოს“, - დასძინა ვალტონენმა.