სამხრეთ კორეის სუპერმარკეტში დანით თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა
სამხრეთ კორეის ქალაქ ინჩხონის სუპერმარკეტში ცივი იარაღით თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათგან ერთს გული გაუჩერდა. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივი პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციის წარმომადგენლის თქმით, შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს. მიმდინარეობს თავდასხმის მოტივისა და გარემოებების გამოძიება.
თვითმხილველმა სააგენტო Yonhap-ს განუცხადა, რომ ეჭვმიტანილს ორივე ხელში დანები ჰქონდა. იგი სავაჭრო ცენტრის რამდენიმე სართულზე გადაადგილდებოდა და ხალხს თავს ესხმოდა, ვიდრე ადგილზე მყოფმა პირებმა მისი შეკავება და პოლიციისთვის გადაცემა არ შეძლეს.
სამხრეთკორეული მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი 60 წლამდე ასაკის მამაკაცია, რომელსაც ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური ეკეთა.