1785241573
უცხოეთი
სამხრეთ კორეაში, აშშ-ის საჰაერო ბაზაზე თეთრმა ფოსფორმა გაჟონა
სეულის სამხრეთით მდებარე აშშ-ის ოსანის საჰაერო ბაზაზე თეთრი ფოსფორის გაჟონვის შემდეგ ხელისუფლებამ მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა. ინფორმაციას Reuters-ი სამხრეთ კორეის უსაფრთხოების სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა, ევაკუაციის შესახებ ბრძანება კი დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მოიხსნა, როდესაც სამხრეთ კორეის სახანძრო სამსახურებმა და აშშ-ის ძალებმა დეკონტამინაციის სამუშაოები დაასრულეს.
საჰაერო ბაზის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოხდა საბრძოლო მასალასთან დაკავშირებული ინციდენტი და მიმდინარეობს სიტუაციის შეფასება.
თეთრი ფოსფორი არის ძლიერ ტოქსიკური ნივთიერება, რომელსაც შეუძლია აალება ჰაერთან კონტაქტისას.