Loading data...
სამხრეთ ინდოეთში კონტეინერმზიდი გემი აფეთქდა, რის შედეგადაც, ხანძარი გაჩნდა

ინდოეთის სანაპირო დაცვის განცხადებით, სინგაპურში დაფუძნებული Wan Hai Lines-ის გემზე, აფეთქების შედეგად, ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ინფორმაციაზე Euronews წერს. 

კონტეინერმზიდი გემი სამხრეთ ინდოეთში, კერალას სანაპიროსთან იმყოფებოდა, როდესაც აფეთქების ხმა გაისმა. MV Wan Hai 503-ზე მყოფი 22 ეკიპაჟის წევრიდან 18-მა შემთხვევის ადგილის დატოვება, ინდოეთის საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის დახმარებით შეძლო, 4 მათგანი დღემდე, დაკარგულად ითვლება.

ეკიპაჟის გადარჩენილი წევრებიდან ერთ-ერთს მძიმე დაზიანებები აღენიშნება. 

რაც შეეხებათ დაკარგულებს, 2 მათგანი ტაივანის მოქალაქეა, 1 ინდონეზიიდანაა, 1 კი - მიანმარიდან. ინდოეთის საზღვაო ძალებმა და სანაპირო დაცვამ დაკარგულების სამძებრო ოპერაცია, უკვე, დაიწყო. პროცესში მათ Dornier-ის თვითმფრინავი ეხმარება, რომელსაც ძირითადად, საზღვაო დაკვირვების, სამძებრო და სამაშველო ოპერაციებისთვის იყენებენ.

ხანძრის ჩასაქრობად რამდენიმე გემი გაიგზავნა. როგორც სანაპირო დაცვა აცხადებს, „გემი, ამჟამად, ნაპირზეა და ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები კონტროლს ექვემდებარება“.

„გასაჭირში მყოფი ეკიპაჟის სიცოცხლის გადარჩენა, ხანძრის ჩაქრობა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების ჩატარება, რათა საფრთხე შემცირდეს - სანაპირო დაცვის პრიორიტეტია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამ ეტაპზე, მეხანძრე/მაშველები გემის ტვირთის დეტალების შესწავლით და მის მიერ გამოწვეული ნებისმიერი პოტენციური რისკის დადგენით არიან დაკავებულები. 

კონტეინერმზიდი, რომლის სიგრძეც 271 მეტრია, შრი-ლანკის კოლომბოს პორტიდან 7 ივნისს გავიდა და 9 ივნისს მუმბაიში უნდა ჩასულიყო. 

კერალის შტატის მთავრობამ სანაპირო რაიონებში განგაში გამოაცხადა და მეთევზეებს მოუწოდა, არ მიუახლოვდნენ იმ ადგილს, სადაც სახიფათო ტვირთის გადამტანი კონტეინერმზიდი აფეთქდა.