Loading data...
სამგზავრო თვითმფრინავი კორსიკის აეროპორტში დაშვებას ვერ ახერხებდა, რადგან დისპეტჩერს ჩაეძინა - AFP

პარიზიდან კორსიკაში მიმავალი ავიარეისის მგზავრები იძულებულნი გახდნენ კუნძულის გარშემო მას შემდეგ ეფრინათ, რაც ადგილზე მყოფი საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერს ცვლის დროს ჩაეძინა. ამის შესახებ AFP-ი საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

დისპეტჩერის ჩაძინების გამო, პარიზის ორლის აეროპორტიდან აიაჩოში მიმავალ ავიაკომპანია „ეარ კორსიკას“ თვითმფრინავს ხმელთაშუა ზღვის თავზე 18 წუთის განმავლობაში წრეზე ფრენა მოუწია.

„საკონტროლო კოშკზე აღმოაჩინეს, რომ მორიგე საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერს თავის პოსტზე ჩაეძინა“, - აცხადებენ საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურში. 

მათივე განცხადებით, მას შემდეგ, რაც დისპეტჩერმა გაიღვიძა, ლაინერი უსაფრთხოდ დაეშვა. 

საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა „უჩვეულო სიტუაციასთან“ დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

„მიუხედავად იმისა, რომ დისპეჩერის ტესტი ალკოჰოლზე უარყოფითი იყო, შესაძლო სასჯელის საკითხი განიხილება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.