სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაზე რუსეთის ავიაიერიშების ესკალაციას გმობს და აცხადებს, რომ ტრამპი ამ ომის დასასრულებლად ყველაფერს გააკეთებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინის ქალაქებზე რუსეთის საჰაერო იერიშების გაძლიერება დაგმო. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე გააკეთა.
„პრეზიდენტმა [დონალდ ტრამპმა] მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მზარდი თავდასხმები ამაზრზენია. ასევე, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მკაცრად ვგმობთ უკრაინაში რუსული თავდასხმების ესკალაციას და ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ მსხვერპლებს და დაღუპულთა ოჯახებს“, - აღნიშნა მან.
ბრიუსის თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში არსებობს მტკიცებულება, რომ „რუსეთი საჰაერო თავდასხმების მასშტაბის ახალ რეკორდებს ამყარებს“. მან დასძინა, რომ ტრამპის მთავარი ინტერესია სიკვდილისა და ნგრევის შეჩერება, რომლებიც ყოველდღიურად ხდება.
„ის ყველაფერს გააკეთებს, რათა დაასრულოს ეს ომი და ნებისმიერი სხვა ომი, რომლის დასრულების შანსიც ექნება. ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას. გვესმის, რომ ამ ყველაფერს დრო და მოთმინება სჭირდება, მაგრამ, ცხადია, ჩვენ ასევე იმედგაცრუებულები ვართ, რომ მეტი პროგრესი არ არის მიღწეული“, - განაცხადა ტემი ბრიუსმა.