Loading data...
საბერძნეთის პრემიერი: კომერციულ გემებზე მიზანმიმართული თავდასხმები სრულიად მიუღებელია, ეს კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად გადაუდებელია გლობალური საზღვაო ზავის დადების საჭიროება

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი გლობალური საზღვაო ზავის დადების მოწოდებით გამოვიდა მას შემდეგ, რაც ბულგარეთის სანაპიროსთან დრონით თავდასხმის შედეგად ბერძნული კონტეინერმზიდი გემი ჩაიძირა.

გაეროს უშიშროების საბჭოში საბერძნეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში გამართულ საზღვაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ მაღალი დონის დებატებზე გამოსვლისას მიცოტაკისმა განაცხადა, რომ კომერციულ გემებს კონფლიქტის დროსაც კი უნდა ჰქონდეთ უსაფრთხოდ და თავისუფლად ნაოსნობის შესაძლებლობა.

„სამოქალაქო კომერციულ გემებზე მიზანმიმართული თავდასხმები სრულიად მიუღებელია. ეს კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად გადაუდებელია გლობალური საზღვაო ზავის დადების საჭიროება“, — განაცხადა მან და დასძინა, რომ ნაოსნობის თავისუფლების ხელყოფა ზრდის გადაზიდვისა და დაზღვევის ხარჯებს, რაც, საბოლოო ჯამში, მომხმარებლებისთვის ფასების მატებას იწვევს.

თურქეთსა და ლიბიას შორის საზღვაო შეთანხმებაზე საუბრისას, რომელიც საბერძნეთმა, კვიპროსმა და სამმა არაბულმა სახელმწიფომ დაგმეს, მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ვერანაირი ორმხრივი შეთანხმება ვერ გადაფარავს საზღვაო სამართლის საერთაშორისო ნორმებს, რომლებიც თანამშრომლობისა და საზღვაო დავების მშვიდობიანი გზით მოგვარების ჩარჩოს ქმნის.

„ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ჩვენი ზღვები ჯუნგლებად იქცეს“, - აღნიშნა მან.