რუტე: რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინისთვის დახმარების სწრაფი ნაკადი გაგრძელდება
თუ სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშლება, რუსეთზე ზეწოლა უნდა განხორციელდეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უწყვეტი მიწოდებითა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებით. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
ნატოში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თუ რუსეთი მშვიდობაზე არ დათანხმდება, უკრაინისთვის დახმარება გაგრძელდება.
„მნიშვნელოვანია, რომ სამშვიდობო პროცესი გაგრძელდეს. ვიმედოვნებთ, რომ ის შედეგს გამოიღებს. თუმცა, თუ ის ძალიან დიდხანს გაგრძელდება, ან შედეგს არ გამოიღებს, რუსებზე ზეწოლის საუკეთესო გზა ორი რამის გაკეთებაა“, - განაცხადა რუტემ.
მისი თქმით, პირველი პრიორიტეტი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებაა.
„პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსებმა გაიგონ, რომ უკრაინისთვის დახმარების სწრაფი ნაკადი გაგრძელდება. სწორედ ეს ხდება დღეს, შეერთებული შტატებისა და ევროპელების წყალობით. შეერთებული შტატები უკრაინაში კრიტიკულად მნიშვნელოვან აღჭურვილობას აგზავნის, რომელსაც კანადა და მისი ევროპელი მოკავშირეები აფინანსებენ, თუმცა ევროპა და კანადა ასევე ბევრს აკეთებენ ორმხრივად“, - ხაზგასმით აღნიშნა რუტემ.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, მეორე პრიორიტეტია რუსეთზე სანქციებით ზეწოლის გაგრძელება.
„მეორეც, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეკონომიკურმა სანქციებმა იმუშაოს, იყოს ეფექტური. სწორედ ეს ხდება. აშშ და ევროპა ერთად მუშაობენ, რათა სანქციების მეშვეობით რუსეთის ეკონომიკაზე მაქსიმალური გავლენა მოახდინონ“, - განაცხადა მარკ რუტემ.
„ეს პუტინის გათვლების შესაცვლელად საუკეთესო გზაა“, - დაასკვნა მან.