Loading data...
რუტე მიიჩნევს, რომ ნატოს მოკავშირეები პოლონეთზე რუსული დრონებით თავდასხმას წარმატებით გაუმკლავდნენ

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ შეაქო ნატოს მოკავშირეების რეაქცია რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე და მას ალიანსის წევრი სახელმწიფოს თავდაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, „წარმატებული“ უწოდა.

რუტეს თქმით, პოლონეთთან ერთად დრონების შეჭრის საპასუხო ოპერაციაში რამდენიმე მოკავშირე მონაწილეობდა, მათ შორის პოლონური F-16-ები, ჰოლანდიური F-35-ები, იტალიური AWACS-ები, ნატოს მრავალფუნქციური ტანკერები და გერმანული „პეტრიოტები“.

„ვფიქრობ, ის, რაც გუშინ ღამით ვნახეთ, იყო ნატოს და მისი მოკავშირეების, მათ შორის, რა თქმა უნდა, თავად პოლონეთის, ასევე ნიდერლანდების, იტალიისა და გერმანიის, ყველა ჩართული მხარის, ძალიან წარმატებული რეაგირება. და ამან ნამდვილად შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე“, - განაცხადა ნატოს გენმდივანმა.

მან დასძინა, რომ, რა თქმა უნდა, „ჩვენ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ“.

„მაგრამ, ვფიქრობ, გუშინდელმა ღამემ აჩვენა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ნატოს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი, მათ შორის, რა თქმა უნდა, მისი საჰაერო სივრცე“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.