რუტე: ევროპაში მშვიდობის შესანარჩუნებლად, ნატომ მეტი უნდა დახარჯოს თავდაცვასა და უკრაინის მხარდაჭერაზე
ევროპის უსაფრთხოება პირდაპირ დამოკიდებულია ალიანსის ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდასა და უკრაინის მაქსიმალური სამხედრო შესაძლებლობების შენარჩუნებაზე, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.
რუტეს თქმით, მშვიდობის გარანტირებისთვის ნატომ ორი ძირითადი პირობა უნდა შეასრულოს. ესენია შეიარაღებასა და წარმოებაზე ხარჯების გაზრდა, ასევე, უკრაინის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ ომში.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ რუსეთი მთელ უკრაინას დაიკავებს, ალიანსისთვის შედეგები გაცილებით სერიოზული იქნება და გაცილებით დიდ ხარჯებს მოითხოვს.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ შობა უსაფრთხო იყოს. თუმცა, ამისათვის ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი სამხედრო ხარჯები და უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა მაქსიმალურად ძლიერი დარჩეს. თუ რუსეთი მთელ უკრაინაზე კონტროლს მოიპოვებს, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება ნატოსთვის და ჩვენ გაცილებით მეტის დახარჯვა მოგვიწევს“, - განაცხადა რუტემ.
რუსეთში ხელისუფლების შესაძლო ცვლილებების საკითხზეც ისაუბრა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინ უხელმძღვანელებს რუსეთს მომავალში, ნატო საფრთხეებისთვის მზად უნდა იყოს.
გენერალურმა მდივანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების გლობალურ განზომილებაზე, კერძოდ, რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობაზე.
მისი აზრით, ტაივანის გარშემო ძალისმიერი სცენარის შემთხვევაში, პეკინს შეუძლია მოსკოვი ევროპაში სიტუაციის დესტაბილიზაციაში ჩართოს.
„ჩვენ არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები. ჩვენ უნდა ჩავდოთ ინვესტიციები თავდაცვაში, გავაძლიეროთ ჩვენი შესაძლებლობები, რათა მზად ვიყოთ ნებისმიერი გამოწვევისთვის“, - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.