რუსულმა სამხედრო გემმა დიდი ბრიტანეთის სანაპიროსთან საარტილერიო წვრთნები ჩაატარა
რუსულმა სამხედრო გემმა, რომელსაც სამეფო საზღვაო ძალების ხომალდი აკვირდებოდა, 20 ივლისს პლიმუთიდან სამხრეთით სულ რაღაც 40 საზღვაო მილის დაშორებით საარტილერიო წვრთნები ჩაატარა. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.
სამეფო საზღვაო ძალები აკვირდებოდნენ წვრთნებს და აგრძელებენ „გემის საქმიანობის მჭიდრო მონიტორინგს“, განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
საუბარია რუსულ ფრეგატ „ნეისტრაშიმიზე“, რომელსაც ასევე ფრანგული სამხედრო თვითმფრინავი აკვირდებოდა. BBC-ის ცნობით, თვითმფრინავის ეკიპაჟმა გემთან რადიოკავშირი დაამყარა და რუსულ მხარეს თავისი განზრახვების დაზუსტება სთხოვა.
ცეცხლის გახსნამდე რუსულმა გემმა ბრიტანულ საპატრულო გემ HMS Tyne-ს აცნობა საარტილერიო წვრთნების ჩატარების განზრახვის შესახებ. რუსულმა მხარემ ბრიტანულ გემს უსაფრთხო მანძილზე, უკან დახევა სთხოვა, რის შემდეგაც HMS Tyne-მა პოზიცია შეცვალა.
წვრთნები დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა და საერთაშორისო წყლებში ჩატარდა.
ინციდენტი ბოლო თვეების განმავლობაში დიდი ბრიტანეთის წყლებთან ახლოს რუსეთის საზღვაო ფლოტის აქტივობის გაზრდის ფონზე მოხდა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე იმის შესახებ, დაემთხვა თუ არა წვრთნები ახალი პრემიერ-მინისტრის ენდი ბერნემის ინაუგურაციას.