რუსულმა ძალებმა რაკეტების და დრონების გამოყენებით იზმაილს, დნეპროპეტროვსკის ოლქს და ხარკოვს შეუტიეს
უკრაინის ოდესის ოლქის იზმაილის რაიონზე რუსულმა ძალებმა საჰაერო იერიში განახორციელეს. ამის შესახებ საქალაქო ადმინისტრაცია იუწყება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ქალაქ იზმაილში პორტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახური შეტევის შედეგების ლიკვიდაციაში ჩაერთო.
„პრაქტიკულად ყველა მიზანი ღია ტერიტორიაზე იყო განადგურებული“, - განაცხადეს ქალაქის ადმინისტრაციაში.
„ნაფტოგაზ უკრაინას“ ცნობით, რუსულმა ძალებმა იერიში განახორციელეს დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე ამ ჯგუფის ნავთობის და გაზის ობიექტებზე. თავდაპირველად შეტევა დრონებით განხორციელდა, ხოლო შემდეგ რუსულმა ძალებმა სამი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს.
შეტევის დროს არავინ დაშავებულა, მაგრამ ობიექტები დაზიანდა.
ასევე ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, ნოვობავარის და ხოლოდნოგორსკის რაიონებზე რუსულმა ძალებმა დრონებით იერიშები განახორციელეს. რამდენიმე კერძო სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ერთ-ერთი სახლის ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს. კიდევ ერთის ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს.