რუსულმა ძალებმა ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანეს - დაღუპული ადამიანების რიცხვი 6-მდე გაიზარდა, დაშავებულია 16 ადამიანი
რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც დაღუპული ადამიანების რიცხვი 6-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ქალაქ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი ავრცელებს.
ლისაკის ინფორმაციით, რუსეთის მასშტაბური თავდასხმის სამიზნე საცხოვრებელი შენობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო.
ლისაკის თქმით, სხვა რაიონებთან შედარებით, უფრო მეტი ზიანი მიადგა პრიმორსკის რაიონს, სადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობები დაზიანდა: ზედა სართულებსა და სახურავზე დიდი ხანძარი გაჩნდა. ასევე დაზიანდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე კერძო სახლები და საცხოვრებელი შენობები.
„დრონი ასევე შეეჯახა საბავშვო ბაღის შენობას, სადაც ასევე გაჩნდა მასშტაბური ხანძარი. თავდასხმების შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 17 წლის ბიჭი. ორი ადამიანი ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაშია“, - აცხადებს ლისაკი.