Loading data...
რუსული წყალქვეშა ნავიდან ბალისტიკური რაკეტის საწვრთნელი სტარტი განხორციელდა

რუსული სტრატეგიული ატომური წყალქვეშა ნავიდან, „გერნერალისიმუს სუვოროვიდან“ ბალისტიკური რაკეტის, „ბულავას“ საწვრთნელი გაშვება განხორციელდა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.

„რაკეტის გაშვება ოხოტის ზღვის აკვატორიიდან, წყალქვეშა მდგომარეობიდან მოხდა. რაკეტამ დათქმულ დროს დანიშნულების ადგილამდე მიაღწია“, - განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. 

ატომური წყალქვეშა სარაკეტო კრეისერი „გენერალისიმუსი სუვოროვი“ მეოთხე თაობის სტრატეგიული დანიშნულების რუსული წყალქვეშა ნავია. ის თანამედროვე რაკეტებით და ტორპედოებით არის აღჭურვილი. ეს წყალქვეშა ნავი რუსეთის სამხედრო ფლოტის შემადგენლობაში 2022 წლის დეკემბერში შევიდა.

საკონტინენტთაშორისო რაკეტა „ბულავა“ სამსაფეხურიანი, მყარ საწვავზე მომუშავე რაკეტაა. ის სპეციალურად წყალქვეშა ნავებისთვის იყო გამოშვებული. რაკეტის ფრენის მანძილი 9,3 ათას კმ-ს შეადგენს.