რუსული თანამგზავრები კოსმოსში გერმანულ თანამგზავრებს ემუქრებოდნენ
რუსეთის თანამგზავრები გერმანიის შეიარაღებული ძალების თანამგზავრებს საშიშ მანძილზე უახლოვდებოდნენ, ამის შესახებ ტელეკომპანიების WDR-ის, NDR-ის და გაზეთ Süddeutsche Zeitung-ის მიერ ჩატარებული გამოძიების მასალებში წერია. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
როგორც ფრანგული კომპანია Aldoria იუწყება, რომელიც კოსმოსში არსებული სიტუაციის მონიტორინგით არის დაკავებული, 2023 წლის აპრილიდან შეინიშნებოდა რუსეთის თანამგზავრების გერმანულ თანამგზავრებთან მიახლოება, როდესაც მათ შორის მანძილი 140 კმ-ს შეადგენდა. ამ მანძილზე სიგნალის გათიშვა არის შესაძლებელი.
2024 წლის აგვისტოში კი რუსული სადაზვერვო თანამგზავრი „ლუჩი“ გერმანიის ბუნდესვერის თანამგზავრს 88 კმ-ით მიუახლოვდა. დაახლოებით იმავე პერიოდში დედამიწაზე მდებარე რუსულმა სადგურებმა კიდევ ერთი გერმანული თანამგზავრის მუშაობა შეაფერხეს და ის რამდენიმე საათის განმავლობაში მწყობრიდან გამოიყვანეს.
„კოსმოსი აღარ არის მხოლოდ კოსმოსური ოპერაციების მხარდაჭერის ადგილი, არამედ ის არის ომის წარმოების ცალკე ადგილი“, - განაცხადა მიუნხენის ბუნდესვერის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ანტიე ნეტცდოლმა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი კოსმოსში ომის წარმოების შესაძლებლობებს აფართოებენ, რაც გერმანიას და მთელ ევროპას ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის.
მისი თქმით, რუსეთის სადაზვერვო თანამგზავრები IntelSat-ის თანამგზავრებს უთვალთვალებენ, რომლებსაც, მათ შორის, ბუნდესვერი იყენებს. ჩინეთის კოსმოსური აპარატები კი ისეთ რთულ მანევრებს აკეთებენ, რომლებსაც სამხედრო წვრთნები შეიძლება უწოდო.
პისტორიურის თქმით, 2010 წლისთვის ბერლინი კოსმოსში თავდაცვითი და შეტევითი შესაძლებლობების განსავითარებლად 35 მლრდ აშშ დოლარს დახარჯავს. ამ პროგრამის ფარგლებში ორბიტაზე ახალი თანამგზავრების გაყვანა იგეგმება, რომლებსაც ადრეული შეტყობინების ფუნქცია ექნებათ. ასევე შეიქმნება სამხედრო თანამგზავრების მართვის ცალკე ცენტრი.