Loading data...
რუსული მედია: პუტინმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა

„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინა სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე თავდასხმაში დაადანაშაულა და აღნიშნულ ფაქტს ტერორისტული აქტი უწოდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

„გუშინ, ღამით კიევში ხელისუფლებაში მოსულმა ნეონაცისტურმა რეჟიმმა ტერორისტული თავდასხმა განახორციელა სტარობელსკის პედაგოგიური კოლეჯის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე. ღამით, როდესაც სტუდენტებს ეძინათ. ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 15 დაკარგულად მიიჩნევა. მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის სამხედრო, დაზვერვის სამსახურის ობიექტები ან მასთან დაკავშირებული სამსახურები. დარტყმა შემთხვევითი არ ყოფილა,  სამ ტალღად განხორციელდა, 16 დრონი ერთისა და იმავე ადგილისკენ იყო მიმართული“, - აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, რუს სამხედროებს საპასუხო ზომების შემუშავება დაევალათ.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ფრონტის ხაზზე უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მდგომარეობა კატასტროფული ხდება.

„არც დასავლური დახმარება, რომელსაც რეგულარულად იპარავენ და არც იძულებითი მობილიზაცია - არ შველით“, - დასძინა პუტინმა.