Loading data...
რუსული ძალები ზაპოროჟიეს ოლქის ერთ-ერთი დასახლების ალყაში მოქცევას ცდილობენ

რუსული ძალები ზაპოროჟიეს ოლქის დასახლების, გულიაიპოლეს ალყაში მოქცევას ცდილობენ, მისი შემდგომი დაკავების მიზნით, ამის შესახებ აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტები წერენ. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

ამასთანავე, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დასახლების ასაღებად რუსულ ძალებს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდებათ.

„რუსული ძალები, სავარაუდოდ, გულიაიპოლეს იზოლირებას და ალყაში მოქცევას შეეცდებიან, რაც ოპერაციის ახალ გეგმას შეესაბამება. ისინი უკრაინის თავდაცვის დასუსტებას შეეცდებიან, რათა გაჟონვის ტაქტიკის გამოყენებით შეტევის გაგრძელება უზრუნველყონ“, - წერენ ISW-ს ექსპერტები.

გეგმის შესასრულებლად რუსული ძალები უკრაინელთა ლოგისტიკური ხაზების გაწყვეტას ცდილობენ და უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორების წინააღმდეგ მოქმედებენ. ისინი უკრაინის თავდაცვის დეზორგანიზებას შეეცდებიან, რათა მცირე ჯგუფების ინტენსიური შეტევებით უკრაინულ ძალებს ამ რეგიონის დატოვება აიძულონ.

ექსპერტები აცხადებენ, რომ გულიაიპოლეს მიდამოებში რუსეთი ისეთივე ტაქტიკის გამოყენებას აპირებს, რაც პოკროვსკსა და მირნოგრადზე შეტევის დროს. ანუ ამ ქალაქის ჩრდილოეთიდან ალყაში მოქცევაა დაგეგმილი.

უკრაინელი სამხედრო სტანისლავ ბუნიატინი არ გამორიცხავს, რომ 2026 წელს ზაპოროჟიეს ოლქში ფრონტის ჩამოშლა მოხდეს. ეს სიტუაცია ჰგავს იმას, რაც დონეცკის ოლქში ავდეევკისა და ოჩერეტინოს დაკარგვის შემდეგ შეიქმნა.