რუსტემ უმეროვი მოლაპარაკებებზე: პროგრესი არის, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს საჭირო დონის კონსენსუსის მიღწევა
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის რუსტემ უმეროვის განცხადებით, სამმხრივი შეხვედრის მორიგ რაუნდზე განიხილეს პოლიტიკური, სამხედრო საკითხები, უსაფრთხოების პარამეტრები და პოტენციური გადაწყვეტილებების განხორციელების მექანიზმები.
„ზოგიერთი საკითხი დაზუსტდა, ზოგი კი შემდგომ კოორდინაციას საჭიროებს. პროგრესი არის, მაგრამ დეტალებს ამ ეტაპზე არ ვასაჯაროებთ. შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს საჭირო დონის კონსენსუსის მიღწევა, რათა შემუშავებული გადაწყვეტილებები პრეზიდენტებს წარედგინოთ“, - განაცხადა უმეროვმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, დისკუსიები ინტენსიური და შინაარსიანი იყო.
„ჩვენ მადლიერები ვართ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების, რომლებიც უზრუნველყოფენ პროცესის შეუფერხებლად გაგრძელებას და ასევე, შვეიცარიული მხარის, რომელიც გვმასპინძლობს“, - განაცხადა უმეროვმა.
სამმხრივი მოლაპარაკებები ჟენევაში 17-18 თებერვალს გაიმართა.
მოლაპარაკებებს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი უძღვებოდნენ.
მოლაპარაკებები რუსეთის, აშშ-ის და უკრაინის წარმომადგენლების მონაწილეობით შედგა.