რუსი ჟურნალისტის განცხადებების გამო რუსეთის ელჩი სომხეთში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
რუსი ჟურნალისტის განცხადებების გამო სომხეთში რუსეთის ელჩი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მას გადასცეს ნოტა, რომელშიც აღნიშნულია ღრმა შეშფოთება რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით გაკეთებული განცხადების გამო. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ეს არის სომხეთის სუვერენიტეტზე მიუღებელი შეტევა და „სომხეთსა და რუსეთს შორის მეგობრული ურთიერთობების ფუძემდებლური პრინციპების დარღვევა“.
საუბარია ცნობილი რუსი ჟურნალისტის და პროპაგანდისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის საავტორო გადაცემაზე. ბოლო გამოშვებაში სოლოვიოვმა მხარი დაუჭირა სხვა ქვეყნებში, მათ შორის სომხეთში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარებას.
სოლოვიოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა მაგალითი აშშ-სგან უნდა აიღოს, რომელმაც საერთაშორისო სამართალს მიაფურთხა ვენესუელაში ოპერაციის დროს და ქვეყნის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო შეიპყრო. სოლოვიოვის თქმით, რუსეთისთვის ბევრად უფრო ცუდია სომხეთის და ცენტრალური აზიის ქვეყნების დაკარგვა, ვიდრე აშშ-სთვის ვენესუალაზე კონტროლის დაკარგვა.
„მიგვიფურთხებია საერთაშორისო სამართლისთვის, საერთაშორისო წესრიგისთვის, თუ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის აუცილებელი იყო უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება, მაშინ ამავე მოსაზრებებით ჩვენ, ჩვენი გავლენის სხვა წერტილებშიც შეგვიძლია ასეთი ოპერაციის დაწყება“, - განაცხადა ვლადიმერ სოლოვიოვმა.
სოლოვიოვი დსთ-ს ქვეყნების, მათ შორის სომხეთის მიმართ მუქარის შემცველ განცხადებებს პირველად არ აკეთებს.