Loading data...
რუსეთში Telegram-ი 1-ელი აპრილიდან სრულად დაიბლოკება

პოპულარული მესენჯერი ტელეგრამი რუსეთში 1-ელი აპრილიდან სრულად დაიბლოკება, -  იტყობინება რუსული Telegram არხი Baza.

Telegram-ის სრული დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია „როსკომნადზორმა“ არც დაადასტურა და არც უარყო. 

„ამ საკითხის თაობაზე ადრე გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არაფერია დასამატებელი“, - აცხადებენ „როსკომნადზორში“. 

როსკომნადზორმა ადრე Telegram-ს სხვადასხვა შეზღუდვა დაუწესა, რის გამოც რუსეთის მოქალაქეებს ვიდეოზარების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. 

10 თებერვალს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში Telegram-ის მომხმარებლებს მედია ფაილების ჩამოტვირთვისას პრობლემები შეექმნათ.

Telegram-ის დამფუძნებელმა პაველ დუროვმა აღნიშნა, რუსეთი მესენჯერზე წვდომას ზღუდავს, რათა აიძულოს თავისი მოქალაქეები გადავიდნენ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად აპლიკაციაზე, რომელიც თვალთვალისა და პოლიტიკური ცენზურისთვისაა შექმნილი.