რუსეთში გერმანიის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ტერაქტის მოწყობას გეგმავდა
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ პიატოგორსკში გერმანიის მოქალაქე დააკავეს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების ობიექტზე ტერაქტის მოწყობას აპირებდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, 1969 წელს დაბადებული ქალი უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა. ასაფეთქებელი მოწყობილობის განეიტრალება რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით გახდა შესაძლებელი.
„ტერაქტი განზრახ იყო დაგეგმილი დილის საათებში, რათა მას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შორის მაქსიმალური მსხვერპლი გამოეწვია“, - განაცხადეს რუსეთის სპეცსამსახურში.
უშიშროების სამსახურის ცნობით, ასევე დაკავებულია ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ამ ტერაქტში უნდა მიეღო მონაწილეობა. მას ასაფეთქებელი მოწყობილობა უნდა აემოქმედებინა.
დაკავებულებმა ბრალი უკვე აღიარეს. რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ უკრაინა „აქტიურად იყენებს ტერორისტული საქმიანობის დროს უცხოელ მოქალაქეებს, კერძოდ ევროკავშირის რეზიდენტებს“.