რუსეთში დააკავეს მოლდოვის მოქალაქე, რომელიც გენერალზე შეიარაღებულ თავდასხმაშია ეჭვმიტანილი
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის და საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა მოლდოვის 21 წლის მოქალაქე ნიკოლაე კოჩუ დააკავეს, რომელიც სარატოვის ოლქში რუს სამხედრო მაღალჩინოსანზე შეიარაღებულ თავდასხმაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
თავდასხმა 3 სექტემბერს ენგელსის რაიონში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, კოჩუმ სამხედროს 6-ჯერ ესროლა. გენერალი მძიმედ დაშავდა, მაგრამ გადარჩა. რუსეთის უსაფრთხოების სამსახური დაჭრილი მაღალჩინოსანი სამხედროს ვინაობას არ ასახელებს.
არაოფიციალური მონაცემებით, დაჭრილი შეიძლება იყოს გენერალ-მაიორი ნიკოლაი ვარპახოვიჩი, რომელიც რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების ბომბდამშენების 22-ე საავიაციო დივიზიის სარდალია.
გამოძიების ცნობით, 2025 წელს ნიკოლაე კოჩუს სოციალური ქსელებით უკრაინული სპეცსამსახურები დაუკავშირდნენ. 2026 წელს მას კიევში სპეციალური მომზადება ჩაუტარდა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენება ასწავლეს. მიმდინარე წლის ივნისში კოჩუ რუსეთში ჩავიდა, სადაც სამხედრო მაღალჩინოსანი უნდა მოეკლა.