Loading data...
რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები აბუ-დაბიში პირველ თებერვალს განახლდება

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები პირველ თებერვალს გაგრძელდება. ინფორმაციას „აქსიოსის“ ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე თქმით, შეხვედრა 23-24 იანვარს აბუ-დაბიში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების რაუნდის გაგრძელება იქნება.

იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ აბუ-დაბიში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებები დასრულდა.

შეხვედრებს კონსტრუქციულს უწოდებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მისივე თქმით, საუბრების ძირითადი ფოკუსი ომის დასრულების შესაძლო პარამეტრები იყო.

აბუ-დაბიში დელეგაციის წევრებს შორის იმყოფებიან აშშ-ის მხრიდან სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი. უკრაინული დელეგაციის წევრები არიან: ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, ასევე პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი და მისი მოადგილე სერგეი კისლიცა, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია და უკრაინის გენშტაბის ხელმძღვანელი ანდრეი გნატოვი. რაც შეეხება რუსულ მხარეს, დელეგაციას ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი, შემადგენლობაში შედიან პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები.