რუსეთმა ზაპოროჟიეში სასჯელაღსრულების კოლონია დაბომბა - დაიღუპა 16 ადამიანი, 35 კი დაშავდა

რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქში ერთ-ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულება დაბომბეს, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა და სამ ათეულზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია.
„ღამით მტერმა ზაპოროჟიეს ოლქი 8-ჯერ დაბომბა, თავდაპირველად ავიაბომბებით. მათ ასევე დაარტყეს სასჯელაღსრულების კოლონიას. 16 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა“, - განაცხადა რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
მან დასძინა, რომ დაზარალებულები ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას იღებენ.
„დაწესებულების შენობა განადგურდა. დაზიანდა ახლომდებარე კერძო სახლები“, - დააზუსტა ფედოროვმა.
„ეს რუსების მიერ ჩადენილი კიდევ ერთი ომის დანაშაულია. ისინი არ გაჩერდებიან, თუ მათ არავინ შეაჩერებს“, - კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა.
„პუტინის რეჟიმი, რომელიც ცალკეული პერსონაჟების პირით აშშ-საც ემუქრება, უნდა დაექვემდებაროს ეკონომიკურ და სამხედრო დარტყმებს, რაც მას ბრძოლის უნარს წაართმევს. ევროპაში ომის საფრთხე ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ საკმაოდ რეალურია, სანამ პუტინი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს აშენებს და შეუძლია ომში ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკა ჩართოს“, - დაწერა ერმაკმა Telegram-ზე.