რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 39 ბალისტიკური რაკეტა და 120-ზე მეტი დრონი გამოიყენა - უკრაინული მხარე
„14 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე ბალისტიკური რაკეტებით მიზანმიმართული იერიში მიიტანა, რითაც უპრეცედენტო უგულებელყოფა აჩვენა შეერთებული შტატების მიმართ,“ - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 14 ოქტომბრის ღამეს კიევში რუსული ძალების იერიშს.
როგორც ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს, რუსებმა კიევში, კიევის ოლქსა და ხარკოვში უკრაინის ენერგეტიკული და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ 39 ბალისტიკური რაკეტა, 120-ზე მეტი თავდასხმის დრონი და სხვა საბრძოლო მასალა გამოიყენეს.
ამასთან, ზელენსკის თქმით, ამჟამად ელექტროენერგიის გარეშე მინიმუმ 600 000 ადამიანია დარჩენილი და შესაძლოა, გათიშვა კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს.
„პუტინმა აშკარად გადაწყვიტა ომის გაგრძელება“, - აცხადებს ზელენსკი.
ინფორმაციისთვის, 14 ოქტომბრის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს. უკრაინული მხარის განცხადებით, დაიღუპა 3 ადამიანი, 21 კი დაშავდა.