Loading data...
რუსეთმა რუმინეთთან საზღვარზე მდებარე „ორლოვკას“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს შეუტია

21-22 ნოემბრის ღამეს რუსეთის არმიამ დრონებით შეუტია ოდესის ოლქის სამხრეთით, რუმინეთთან საზღვარზე მდებარე „ორლოვკას“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს. ოდესის საბაჟო სამსახურის ცნობით, არიან დაშავებულები.

განცხადების თანახმად, 22 ნოემბრის ღამეს რუსულმა დრონებმა „ორლოვკას“ საბორნე კომპლექსის ინფრასტრუქტურა დააზიანეს.

„ორლოვკას საერთაშორისო სასაზღვრო გამშვები პუნქტი დროებით აჩერებს ფუნქციონირებას. ამჟამად მიიღება ყველა საჭირო ზომა შედეგების შესამსუბუქებლად. გთხოვთ, ისარგებლოთ სხვა ახლომდებარე სასაზღვრო გამშვები პუნქტებით“, - განაცხადეს საბაჟოს წარმომადგენლებმა.

ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ კიპერის თქმით, ოკუპანტებმა რეგიონის სამხრეთ ნაწილზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს. აქტიური საჰაერო თავდაცვის მიუხედავად, სამოქალაქო ობიექტებს ზიანი მიადგა. დაზიანდა ადმინისტრაციული შენობების ფასადები, სახურავები და მინები. ასევე, დაზიანდა ავტოსადგომზე მდგომი თერთმეტი სატვირთო მანქანა.

წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია ორი ადამიანი.

ოდესის ოლქის პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, ასევე განადგურდა კვების ობიექტი. თავდასხმის შედეგად დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე, 62 წლის და 56 წლის მამაკაცები, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოდესის ოლქის პროკურატურის საპროცესო ხელმძღვანელობით, დაიწყო გამოძიება ომის დანაშაულის ჩადენის ფაქტზე (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის პირველი ნაწილი). დანაშაულის ადგილზე პოლიციელებთან ერთად პროკურორები მუშაობენ.

როგორც სამართალდამცავ ორგანოებში წყარომ UNIAN-ს განუმარტა, დაზარალებულები უკრაინის მოქალაქეები არიან, მათგან ერთ-ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია.