რუსეთმა ფრანგულ ავტოკონცერნს სანქციები დაუწესა

რუსეთის ფედერაციის მთავრობამ ფრანგულ ავტოკონცერნს Renault-ს სანქციები დაუწესა. კონცერნი „შავ სიაში“, იმ კომპანიათა ჩამონათვალში შეიყვანეს, რომელთა წინააღმდეგ „სპეციალური ეკონომიკური ზომები“ გატარდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
იურიდიული პირების სია, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში და რომელთა წინააღმდეგ „სპეციალური ეკონომიკური ზომები“ ხორციელდება, რუსეთში 2022 წლის მაისიდან შეიქმნა.
Renault ამ სიაში 75-ე ნომრად არის ჩაწერილი. ბოლო კომპანია, რომელიც ამ სიაში აღმოჩნდა, არის გერმანული Daimler Truck, რომელიც Mercedes-Benz Group-ში შედის. „სპეციალურ ზომებში“ იგულისხმება გარიგებების დადების, დივიდენდების გადახდის, გადახდების და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელების აკრძალვა.
მიმდინარე წლის ივნისში ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Renault უკრაინაში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების საკითხს განიხილავს. ამავე ცნობების მიხედვით, ავტოკონცერნი საფრანგეთის თავდაცვის მცირე და საშუალო საწარმოებთან ითანამშრომლებს და საწარმოებს ფრონტის ხაზიდან რამდენიმე კილომეტრში განათავსებს.