რუსეთმა ოდესის ოლქის ორი პორტი დაბომბა - დაიღუპა ერთი ადამიანი, რამდენიმე კი დაშავდა
დღეს, 7 იანვარს, რუსეთის არმიამ ოდესის ოლქის ორ პორტს დრონებითა და რაკეტებით შეუტია. ამის შესახებ რეკონსტრუქციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა და თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრმა ალექსეი კულებამ განაცხადა.
„სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ ოჯახს და მეგობრებს. სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა და მათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
მისი თქმით, თავდასხმამ დააზიანა პორტის ობიექტები, ადმინისტრაციული შენობები და ნავთობის კონტეინერები. ადგილზე მუშაობს ყველა სამსახური, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. პორტები აგრძელებენ ფუნქციონირებას.
„ეს ტერორისტული ქვეყნის კიდევ ერთი დარტყმაა პორტის ინფრასტრუქტურაზე, რომელიც გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობს. რუსეთი განზრახ ცდილობს ეკონომიკის ძირის გამოთხრას და საზღვაო ლოგისტიკის განადგურებას“, - ხაზგასმით აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.
სახელმწიფო საწარმოს „უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის“ ცნობით, მტერმა „ჩერნომორსკის“ საზღვაო პორტს შეუტია, სადაც ნავთობით სავსე კონტეინერებს ცეცხლი გაუჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა.
რუსებმა ასევე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს „პივდენის“ პორტზე, რის შედეგადაც დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა და ინფრასტრუქტურა. იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
ოდესის სპეციალური ოპერაციების სარდლობის უფროსის ოლეგ კიპერის თქმით, პორტის ინფრასტრუქტურის, კონტეინერებისა და ადმინისტრაციული შენობის გარდა, დაზიანდა სატვირთო ტრანსპორტიც. მისივე ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა.