Loading data...
რუსეთმა ხარკოვის ოლქის დასახლება პეჩენიგის რაკეტებით შეუტია - დაიღუპა 10 ადამიანი, 17 კი დაშავდა

რუსეთმა ხარკოვის ოლქის დასახლება პეჩენიგის რაკეტებით შეუტია, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის თქმით, იერიშის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი კი 17-მდე გაიზარდა. მისივე თქმით, დაღუპულთა ვინაობის დასადგენად დნმ-ის ტესტირება იქნება საჭირო.

პეჩენიგის თემის ხელმძღვანელმა ალექსანდრე გუსაროვმა უკრაინულ მედიას განუცხადა, რომ დარტყმები სოფლის ცენტრალურ ნაწილზე განხორციელდა, სადაც კაფეები, ფოსტა და მაღაზიებია.

მისი თქმით, დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ მონაცემები საბოლოო არ არის, ვინაიდან დასახლებაში ნანგრევებისგან გაწმენდითი სამუშაოები კვლავ გრძელდება. დარტყმები ერთმანეთისგან დაახლოებით 50 მეტრის რადიუსში მოხდა. ავიაიერიში კაფეზეც განხორციელდა. დაზიანდა 10 კერძო სახლი, კაფე, ფოსტა, მაღაზია და სულ მცირე შვიდი მანქანა.

„დაღუპულები არიან მყიდველები, გამყიდველები, ხალხი, რომელიც იქვე მოძრაობდა“, - აღნიშნა გუსაროვმა.

უკრაინული მედიის ცნობით, წინასწარი გამოძიება დაიწყო ომის დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რამაც ადამიანების სიკვდილი გამოიწვია (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილი).