რუსეთმა ინდოეთიდან ბენზინის პირველი პარტია მიიღო - Bloomberg
რუსეთმა ინდოეთიდან ბენზინის პირველი პარტია მიიღო, რომელიც ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ Nayara Energy-მ გაგზავნა. აღნიშნული ქარხანა ნაწილობრივ „როსნეფტის“ საკუთრებაა, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, მოსალოდნელია, რომ რუსეთი ინდოეთისგან საწვავს კიდევ მიიღებს.
როგორც „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, ბენზინის პირველი პარტია რუსული დროშის ქვეშ მცურავ ტანკერში 18 ივნისს ჩაიტვირთა.
6 ივლისს საწვავი ეგვიპტის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან, დამიეტას პორტში ომანის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ „გარნეტში“ გადაიტანეს. განცხადების თანახმად, გემი რუსეთში აგვისტოს დასაწყისში ჩავიდა.
„რუსეთი მალე ინდოეთიდან ბენზინის მეტ პარტიას მიიღებს. ივლისის ბოლოს დამიეტაში ორი მსგავსი გადაზიდვა დაფიქსირდა. რუსეთმა ინდოეთიდან ბენზინის იმპორტი მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებმა შიდა ბაზარზე საწვავის სერიოზული დეფიციტი გამოიწვია“, - იტყობინება Bloomberg.