რუსეთმა „გუგლი“ VPN სერვისების გავრცელებისთვის 22 მილიონი რუბლით დააჯარიმა
მოსკოვის ტაგანსკის სასამართლომ კომპანია „გუგლი“ Google-play-ის მეშვეობით ვიპიენ სერვისების გავრცელებისთვის 22.8 მილიონი რუბლით დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ იტყობინება.
როგორც რუსული მედია წერს, „მოსამართლემ ამერიკული კორპორაცია დამნაშავედ ცნო“. საქმის დოკუმენტებში ნათქვამია, რომ „როსკომნადზორმა“ Google Play- ზე VPN-ის ჩამოტვირთვის შეთავაზებების ექვსი შემთხვევა დაადგინა. სააგენტომ გაფრთხილება გასცა ამ რეკლამების ამოღების შესახებ, თუმცა ამერიკულმა კომპანიამ შეტყობინება უგულებელყო. შემდეგ „როსკომნადზორმა“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები სასამართლოს გადასცა.
„Google-ის წარმომადგენელი სასამართლოში არ გამოცხადდა და საქმე დაუსწრებლად განიხილეს“, - წერს რუსული მედია.
2025 წელს რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს VPN-ების და დაბლოკილ ვებსაიტებზე წვდომის სხვა გვერდის ავლითი ინსტრუმენტების რეკლამირებას.
ის ძალაში შევიდა 2025 წლის 1-ელ სექტემბერს.
კანონის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირებისთვის 50 000-დან 80 000 რუბლამდე ჯარიმას, თანამდებობის პირებისთვის 80 000-დან 150 000 რუბლამდე და იურიდიული პირებისთვის 200 000-დან 500 000 რუბლამდე ოდენობით.