რუსეთმა დიდი ბრიტანეთიდან ელჩი გაიწვია
რუსეთმა დიდი ბრიტანეთიდან ელჩი გაიწვია. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ლონდონში რუსეთის საელჩოს ცნობით, ანდრეი კელინმა დიპლომატიური პოსტი გასულ თვეში, თანამდებობაზე შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა.
როგორც მედია წერს, დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირას გაირკვა, რომ ბრიტანეთი კიევს თავდასხმის დრონებით ამარაგებდა.
ასევე, საელჩოს განცხადებით, რუსეთი დიდ ბრიტანეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაქვეითებას არ გეგმავს.
„რაც შეეხება რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობების მდგომარეობას, ის უპრეცედენტოდ დაბალ დონემდე გაუარესდა, მთლიანად ლონდონის ინიციატივით. მან დიდი ბრიტანეთი იმ იმედით დატოვა, რომ კონსტრუქციული და პატივისცემაზე დამყარებული დიალოგი აღდგება, თუ დიდი ბრიტანეთი ჩვენი ქვეყნის მიმართ თავის პოლიტიკას გადახედავს“, - განაცხადა რუსეთის საელჩოს წარმომადგენელმა.