Loading data...
რუსეთმა და ჩინეთმა კატარში „ჰამასის“ წევრებზე ისრაელის თავდასხმა დაგმეს

რუსეთმა და ჩინეთმა  კატარის დედაქალაქ დოჰაში „ჰამასის“ წევრებზე ისრაელის თავდასხმა დაგმეს.

„რუსეთი ამ ინციდენტს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის უხეშ დარღვევად, დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად და ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის შემდგომი ესკალაციისა და დესტაბილიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ბრძოლის ასეთი მეთოდები მათ წინააღმდეგ, ვისაც ისრაელი თავის მტრებად და მოწინააღმდეგეებად მიიჩნევს, უდიდეს დაგმობას იმსახურებს. კატარზე სარაკეტო თავდასხმა... არ შეიძლება აღიქმებოდეს რაიმე სხვად, თუ არა როგორც ქმედებად, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობიანი გადაწყვეტილებების პოვნის საერთაშორისო ძალისხმევისთვის ძირის გამოთხრას“, - დასძენს რუსეთის საგარეო უწყება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ისრაელის მიერ კატარის ტერიტორიული სუვერენიტეტის დარღვევას.

ჩინეთი ღრმად შეშფოთებულია შესაძლო ესკალაციით, რაც შეიძლება გამოიწვიოს დარტყმებმა, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლინ ჯიანმა რეგულარულ პრესკონფერენციაზე.