Loading data...
რუსეთმა ავღანეთის ხელისუფლება ოფიციალურად აღიარა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ რუსეთში ავღანეთის ელჩისგან, გულ ჰასანისგან რწმუნებათა სიგელები მიიღო. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

შესაბამისად, რუსეთმა მსოფლიოში პირველმა ავღანეთის ისლამური საამირო აღიარა, რომელსაც მოძრაობა „თალიბანი“ უდგას სათავეში. ეს დაჯგუფება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტერორისტულად ითვლება. რუსეთში კი 2024 წლის დეკემბერში სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვით „თალიბანი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღებული იყო. 2025 წლის აპრილში რუსეთის უზენაესმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე „თალიბანის“ საქმიანობაზე აკრძალვა მოხსნა.

3 ივლისს რუსეთის ელჩი ავღანეთში დიმიტრი ჟირნოვი ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ამირ ჰან მუტაკის შეხვდა. მან ავღანელ მინისტრს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება გადასცა ავღანეთის ისლამური საამიროს ოფიციალურად ცნობის შესახებ.