Loading data...
რუსეთის საგარეო უწყებამ სომხეთი ზელენსკის ერევანში ვიზიტის გამო გააკრიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღშფოთება გამოთქვა ამ კვირის დასაწყისში სომხეთის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ერევანში მასპინძლობასთან დაკავშირებით.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, სომხეთის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს. ის რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა.

„დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს განუცხადეს, რომ კატეგორიულად მიუღებელია, რომ კიევის ნაცისტური რეჟიმის ლიდერს ვ. ზელენსკის სომხეთში ევროკავშირის ეგიდით ჩატარებული ბოლო ღონისძიებების დროს რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული მუქარის გასაჟღერებლად პლატფორმა მიეცა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მოსკოვი ამასთან დაკავშირებით სამართლიანად არის აღშფოთებული და მიიჩნევს, რომ ოფიციალური ერევნის მიერ ზემოხსენებული სტუმრის ასეთი აღმაშფოთებელი საქციელის სათანადო ნეგატიური შეფასების არარსებობა რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების პარტნიორულ ბუნებასთან შეუსაბამოა.

ელჩმა პირობა დადო, რომ ერევანს რუსული მხარის შენიშვნებს მოახსენებს“, - ნათქვამია განცხადებაში.